med01

9 ნოემბერი ..
.. 15 ნოემბერი

კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის მეტაბოლიზმი, მინერალური ჰომეოსტაზი და
ძვლის მეტაბოლური დაავადებები

 

ძვლის ქსოვილის ბიოქიმია: კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის მეტაბოლიზმი, მინერალური ჰომეოსტაზი
 

1. კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის ბიოლოგიური მნიშვნელობა

ძვლოვანი ქსოვილის ფორმირება, მინერალიზაცია და მუდმივი განახლება მჭიდროდ არის დაკავშირებული კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის მეტაბოლიზმთან. ძვლის სიმტკიცე და მექანიკური დატვირთვისადმი მდგრადობა დამოკიდებულია კოლაგენური მატრიქსისა და მასთან დაკავშირებული კალციუმ-ფოსფატური მინერალური ფაზის აგებულებაზე. ძვლის მინერალურ კომპონენტს ტრადიციულად ხშირად ჰიდროქსიაპატიტის, Ca₁₀(PO₄)₆(OH)₂ ფორმულით აღწერენ, თუმცა თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ მისი რეალური ქიმიური შემადგენლობა და სტრუქტურა ამ იდეალური მოდელისგან განსხვავდება. კერძოდ, ძვლის მინერალური ფაზა შეიცავს არა მხოლოდ ფოსფატის (PO₄)³⁻, არამედ კარბონატის (CO₃)²⁻ და ჰიდროფოსფატის (HPO₄)²⁻ მჟავურ ნაშთებსაც, ხოლო მათი რაოდენობრივი თანაფარდობა არ შეესაბამება იდეალური ჰიდროქსიაპატიტის ფორმულას [1].

კალციუმი და ფოსფატები ძვლის მინერალური კომპონენტის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია, ხოლო მაგნიუმი მონაწილეობს მინერალური ფაზის თვისებებისა და მინერალური ცვლის რეგულაციაში. ამ ელემენტების მნიშვნელობა მხოლოდ ძვლის შემადგენლობაში მათი არსებობით არ შემოიფარგლება: ისინი დაკავშირებული არიან უჯრედულ ფუნქციებთან, ფერმენტულ პროცესებთან და ჰორმონულ მექანიზმებთან, რომლებიც ორგანიზმში მინერალური ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.

ამ პროცესების გასაგებად აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ქიმიური ელემენტი, მისი იონური ფორმა და ქიმიური ნაერთი. ბიოქიმიასა და მედიცინაში გამოყენებული ტერმინი „თავისუფალი კალციუმი“ არ გულისხმობს კალციუმის არსებობას ელემენტური, ლითონური სახით (Ca⁰) ანუ როგორც მარტივი ნივთიერების. საუბარია კალციუმის დაჟანგულ ფორმაზე Ca²⁺ იონზე. ამ შემთხვევაში სიტყვა „თავისუფალი“ აღნიშნავს წყლიან გარემოში არსებულ კალციუმის კათიონებს, რომლებიც არ არიან შეკავშირებული ცილებთან ან სხვა გახსნილ ნივთიერებებთან კომპლექსების სახით. ასეთი იონები გარშემორტყმულია წყლის მოლეკულებით (ჰიდრატირებულია) და თავისუფლად გადაადგილდება ხსნარში. ორგანიზმში კალციუმი აგრეთვე გვხვდება ცილებთან ან მცირე მოლეკულებთან დაკავშირებული ფორმებით და ძვლის მყარი მინერალური ნაერთების შემადგენლობაში. ანალოგიურად, ხსნარში თავისუფალი არაორგანული ფოსფატი ძირითადად წარმოდგენილია H₂PO₄⁻ და HPO₄²⁻ იონებით და არა ელემენტური ფოსფორით.
 

1.1. კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის ქიმიური ფორმები ორგანიზმში

კალციუმი

კალციუმი ორვალენტიანი ლითონია. წყლიან ბიოლოგიურ გარემოში მისი თავისუფალი იონი აღინიშნება ფორმულით Ca²⁺. ზედა ინდექსი 2+ მიუთითებს, რომ იონს ორი დადებითი ელექტრული მუხტი აქვს.

სისხლის პლაზმაში კალციუმი სამი ძირითადი ფორმით არსებობს:

  • იონიზებული კალციუმი (Ca²⁺) – თავისუფალი იონური ფორმა;

  • ცილებთან დაკავშირებული კალციუმი – ძირითადად ალბუმინთან შეკავშირებული;

  • კალციუმი დაკავშირებული მცირე მოლეკულურ ფრაგმენტებთან – ფოსფატთან, ციტრატთან, ბიკარბონატთან და სხვა ლიგანდებთან წარმოქმნილი კომპლექსები.

ამ ფორმებს განსხვავებული ბიოქიმიური მნიშვნელობა აქვთ. იონიზებული Ca²⁺ წარმოადგენს კალციუმის უშუალოდ ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რომელიც მონაწილეობს უჯრედულ სიგნალიზაციასა და მის რეგულაციურ პროცესში. ცილებთან დაკავშირებული კალციუმი კი თავისუფალ იონებთან დინამიკურ წონასწორობაში იმყოფება [2].

კალციუმის ცილებთან შეკავშირება დამოკიდებულია გარემოს მჟავა-ტუტოვან მდგომარეობაზე. მაგალითად, სისხლის pH-ის მატებისას ალბუმინის ზოგიერთი ფუნქციური ჯგუფი კარგავს პროტონს და შეუძლია მეტი Ca²⁺ იონის შეკავშირება. შედეგად,

  იონიზებული კალციუმის კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს საერთო კალციუმის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე.

სისხლში კალციუმი გვხვდება როგორც თავისუფალი, იონიზებული Ca²⁺-ის სახით, ისე ცილებთან და სხვა ნივთიერებებთან შეკავშირებული ფორმებით. მათი ჯამი განსაზღვრავს საერთო კალციუმის კონცენტრაციას. კალციუმის შეკავშირება ალბუმინთან შექცევადი პროცესია Ca²⁺ იონები მუდმივად უკავშირდებიან ცილას და კვლავ თავისუფლდებიან მისგან. როდესაც ალბუმინის კონცენტრაცია მცირდება, მცირდება მასთან შეკავშირებული კალციუმის რაოდენობაც, რის გამოც საერთო კალციუმის მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს. ამავე დროს, თავისუფალი Ca²⁺-ის კონცენტრაცია შეიძლება ნორმის ფარგლებში დარჩეს, რადგან იგი მხოლოდ ალბუმინთან შეკავშირებაზე არ არის დამოკიდებული და ორგანიზმის ჰომეოსტაზური მექანიზმებით რეგულირდება. ამრიგად, საერთო კალციუმის დაბალი მაჩვენებელი ყოველთვის არ ნიშნავს იონიზებული კალციუმის დაბალ კონცენტრაციას [2, 3].

საერთო კალციუმის განსაზღვრა ფართოდ გამოიყენება ლაბორატორიულ პრაქტიკაში, რადგან ის შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი კვლევაა. თუმცა, როდესაც სისხლში ცილების შემცველობა ან მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობა მნიშვნელოვნად იცვლება, კალციუმის ცვლის უფრო ზუსტი შეფასებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს იონიზებული Ca²⁺-ის უშუალო განსაზღვრა [3].

ორგანიზმში არსებული კალციუმის დაახლოებით 99% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი, ძირითადად კალციუმ-ფოსფატური მინერალური ნაერთების შემადგენლობაში. შესაბამისად, ჩონჩხი წარმოადგენს კალციუმის ძირითად საცავს, ხოლო სისხლსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში მისი მხოლოდ მცირე ნაწილი ცირკულირებს [2].
 

ფოსფორი და არაორგანული ფოსფატი

ფოსფორის მეტაბოლიზმის განხილვისას აუცილებელია ტერმინების „ფოსფორი“ და „ფოსფატი“ ერთმანეთისგან გამიჯვნა. ფოსფორი (P) ქიმიური ელემენტია, ხოლო ფოსფატი (H₂PO₄)⁻, (HPO₄)²⁻, (PO₄)³⁻აღნიშნავს ფოსფორმჟავასთან დაკავშირებულ იონებსა და ქიმიურ ჯგუფებს. ძვლის მინერალური კომპონენტის შემადგენლობაში აღნიშნული ქიმიური ელემენტი ფოსფატური ჯგუფების სახით შედის.

ბიოლოგიურ სითხეებში არაორგანული ფოსფატი, ძირითადად ორი იონური ფორმით არსებობს:

(H₂PO₄)⁻ ⇌ H⁺ + (HPO₄)²⁻

დიჰიდროფოსფატისა (H₂PO₄)⁻ და ჰიდროფოსფატის (HPO₄)²⁻ იონებს შორის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა დამოკიდებულია გარემოს pH-ზე. ლე შატელიეს პრინციპის თანახმად, pH-ის შემცირებისას, ანუ H⁺ იონების კონცენტრაციის ზრდისას, წონასწორობა მარცხნივ გადაინაცვლებს და იზრდება (H₂PO₄)⁻-ის წილი. პირიქით, pH-ის მატებისას წონასწორობა მარჯვნივ გადაინაცვლებს და იზრდება (HPO₄)²⁻-ის წილი. ამგვარად, გარემოს მჟავიანობა განსაზღვრავს ფოსფატის ამ ორი იონური ფორმის რაოდენობრივ თანაფარდობას [4].

ფოსფატური იონების თანაფარდობის ცვლილება გავლენას ახდენს კალციუმთან მათ ურთიერთქმედებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლის მინერალიზაციისა და რეზორბციის დროს, რადგან კალციუმ-ფოსფატური მინერალების წარმოქმნა და გახსნა დამოკიდებულია გარემოს მჟავიანობასა და შესაბამისი იონების ქიმიურ მდგომარეობაზე.

ფოსფატ-იონი (PO₄)³⁻ ფოსფორმჟავას სრულად დისოცირებულ ფორმას წარმოადგენს, ხოლო (HPO₄)²⁻ და (H₂PO₄)⁻ მისი პროტონირებული ფორმებია. ფიზიოლოგიური pH-ის პირობებში ხსნარში (PO₄)³⁻ იონის წილი უმნიშვნელოა და არაორგანული ფოსფატი ძირითადად (HPO₄)²⁻ და (H₂PO₄)⁻ იონების სახით არსებობს. ძვლის მინერალური ფაზის შემადგენლობაში კი ფოსფატური ჯგუფები ძირითადად (PO₄)³⁻ ფორმით არის წარმოდგენილი [1, 4].

ორგანიზმში ფოსფორის უდიდესი ნაწილი ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი, სადაც იგი კალციუმ-ფოსფატური მინერალის შემადგენლობაში შედის. დანარჩენი ფოსფორი განაწილებულია უჯრედებსა და ბიოლოგიურ სითხეებში. სისხლში არაორგანული ფოსფატების კონცენტრაციას განსაზღვრავს მათი ნაწლავური შეწოვა, თირკმლებით გამოყოფა და სისხლსა და ქსოვილებს შორის მიმოცვლა [4].
 

მაგნიუმი

მაგნიუმი, კალციუმის მსგავსად, ორვალენტიანი ლითონია და ბიოლოგიურ გარემოში ძირითადად Mg²⁺ იონის სახით გვხვდება. მიუხედავად ერთნაირი ელექტრული მუხტისა, Ca²⁺ და Mg²⁺ განსხვავებული ქიმიური თვისებებით ხასიათდებიან. მაგნიუმს კალციუმზე მცირე იონური რადიუსი აქვს. შესაბამისად, მისი დადებითი მუხტი უფრო მცირე სივრცეშია კონცენტრირებული, რაც მუხტის უფრო მაღალ სიმკვრივეს განაპირობებს.

ეს განსხვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლიან გარემოში. წყლის მოლეკულას აქვს ნაწილობრივ უარყოფითად დამუხტული ჟანგბადის ატომი და ნაწილობრივ დადებითად დამუხტული წყალბადის ატომები. დადებითი მუხტის მქონე იონები წყლის მოლეკულებს იზიდავენ და მათ გარშემო წარმოიქმნება მოწესრიგებული ჰიდრატაციული გარსი. Mg²⁺ წყლის მოლეკულებთან უფრო ძლიერად ურთიერთქმედებს, ვიდრე Ca²⁺. ამის გამო მაგნიუმის იონისთვის დამახასიათებელია ძლიერი ჰიდრატაცია, რომელიც გავლენას ახდენს მის გადაადგილებაზე, კომპლექსების წარმოქმნასა და სხვა იონებთან ურთიერთქმედებაზე.

მაგნიუმის ეს ქიმიური თავისებურებები მნიშვნელოვანია ძვლის მინერალური ფაზის ფორმირებისთვის: Mg²⁺-ის ურთიერთქმედება ფოსფატებთან და მინერალური ნაწილაკების ზედაპირთან განსხვავდება Ca²⁺-ის ქცევისგან.

ორგანიზმში მაგნიუმის საერთო რაოდენობის დაახლოებით 50–60% ძვლებშია თავმოყრილი, დანარჩენი კი უმთავრესად კუნთებისა და სხვა რბილი ქსოვილების უჯრედების შიგნითაა ლოკალიზებული. სისხლის შრატში მაგნიუმის საერთო მარაგის მხოლოდ დაახლოებით 0,3% გვხვდება. მაგნიუმის ჰომეოსტაზი დამოკიდებულია ნაწლავებში მის შეწოვასა და თირკმელების მიერ გამოყოფის რეგულაციაზე [5].
 

1.2. კალციუმისა და ფოსფატების ურთიერთქმედება

კალციუმისა და ფოსფატების ურთიერთქმედება ძვლის მინერალური კომპონენტის წარმოქმნის საფუძველია. ამ პროცესის გასაგებად აუცილებელია განვასხვაოთ იონების ურთიერთქმედება ხსნარში და მყარი მინერალური ფაზის წარმოქმნა.

წყლიან გარემოში Ca²⁺ იონებს შეუძლიათ ჰიდროფოსფატის იონებთან კომპლექსების წარმოქმნა, მაგალითად:

Ca²⁺ + HPO₄²⁻ ⇌ {CaHPO₄}⁰ (aq)

ამ რეაქციაში წარმოიქმნება ელექტრულად ნეიტრალური კომპლექსი, რომელიც კვლავ ხსნარში რჩება. აღნიშვნა (aq) სწორედ ნივთიერების წყალში გახსნილ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამგვარად, იონების ერთმანეთთან შეკავშირება თავისთავად არ ნიშნავს მყარი ნაერთის (ნალექის სახით) გამოყოფას [6].

მყარი კალციუმ-ფოსფატური ფაზის წარმოქმნა დამოკიდებულია ხსნარში კალციუმისა და ფოსფატური იონების ქიმიურ აქტივობაზე, გარემოს pH-სა და სხვა გახსნილი ნივთიერებების არსებობაზე. იონების ქიმიური აქტივობა მათი ეფექტური კონცენტრაციის მაჩვენებელია, რომელიც ითვალისწინებს ხსნარში სხვა იონებთან ურთიერთქმედების გავლენას.

გაჯერებულ ხსნარში მოცემული მყარი ნაერთი და მისი გახსნილი იონები შეიძლება ქიმიურ წონასწორობაში იმყოფებოდნენ. ზეგაჯერებულ ხსნარში კი იონების აქტივობები ისეთ მნიშვნელობებს აღწევს, რომ მყარი ფაზის წარმოქმნა თერმოდინამიკურად ხელსაყრელი ხდება. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს კრისტალების დაუყოვნებლივ წარმოქმნას: კრისტალიზაციის დასაწყებად საჭიროა მისი ჩანასახის ფორმირება, ხოლო ხსნარში არსებული ზოგიერთი ნივთიერება ამ პროცესს აფერხებს.

ამ გარემოებას მნიშვნელოვანი ბიოქიმიური შედეგი აქვს. ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში კალციუმისა და ფოსფატების არსებობის მიუხედავად, მათი მყარ მინერალურ ნაერთებად ფორმირება ყველგან არ მიმდინარეობს. ძვლის ქსოვილში მინერალური ფაზა წარმოიქმნება სპეციალურად ორგანიზებულ ორგანულ მატრიქსში, ფერმენტებისა და სხვა მარეგულირებელი ნივთიერებების მონაწილეობით [7].

კალციუმის ფოსფატი – Ca₃(PO₄)₂, ჰიდროფოსფატი – CaHPO₄ და დიჰიდროფოსფატი – Ca(H₂PO₄)₂ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან წყალში ხსნადობით. ამ ნაერთებიდან ყველაზე ძნელად ხსნადია კალციუმის ფოსფატი, ხოლო ყველაზე უკეთ იხსნება კალციუმის დიჰიდროფოსფატი. გარემოს მჟავიანობის ზრდისას ფოსფატ-იონების პროტონირება ხელს უწყობს მყარი კალციუმ-ფოსფატური ნაერთების გახსნას. ეს ქიმიური კანონზომიერება მნიშვნელოვანია ძვლის მინერალური ფაზის რეზორბციის გასაგებად [8]. pH-ის შემცირებისას ხსნარში H⁺ იონების კონცენტრაცია მატულობს. ეს იონები მინერალის შემადგენლობაში არსებულ ფოსფატურ ჯგუფებს უერთდებიან და მათ პროტონირებას იწვევენ. შედეგად, კალციუმ-ფოსფატური მინერალური ფაზა ნაკლებად მდგრადი ხდება და უფრო ადვილად იხსნება.

ამ ქიმიურ მოვლენას უშუალო მნიშვნელობა აქვს ძვლის მეტაბოლიზმში. ოსტეოკლასტები ძვლის ზედაპირთან ქმნიან მჟავე მიკროგარემოს, სადაც მინერალური ფაზა იხსნება და მისგან კალციუმისა და ფოსფატების იონები გამოთავისუფლდება. სტუდენტი რომელიც პირველი გამომიგზავნის კოდურ სიტყვას 'კელასური' მიიღებს 6 ქულას. ამ პროცესს ძვლის რეზორბცია ეწოდება; მისი ბიოქიმიური მექანიზმი დეტალურად იქნება განხილული მომდევნო თავში [7].
 

1.3. მაგნიუმის ქიმიური თავისებურებები და მისი მნიშვნელობა ძვლისთვის

მაგნიუმი ძვლის ქსოვილის ბუნებრივი შემადგენელი ელემენტია და გავლენას ახდენს მისი მინერალური ფაზის ფორმირებაზე. Mg²⁺-ის შედარებით მცირე იონური რადიუსი და ძლიერი ჰიდრატაცია განაპირობებს მის განსხვავებულ ურთიერთქმედებას კალციუმ-ფოსფატურ ნაერთებთან. კერძოდ, მაგნიუმის იონებს შეუძლიათ მინერალური ნაწილაკების ზედაპირთან შეკავშირება და კრისტალების წარმოქმნისა და ზრდის პროცესებზე ზემოქმედება.

მაგნიუმის გავლენა კალციუმ-ფოსფატური ფაზის კრისტალიზაციაზე დამოკიდებულია მის კონცენტრაციასა და გარემოს ქიმიურ პირობებზე. ამ ფაქტორების მიხედვით შეიძლება იცვლებოდეს კრისტალიზაციის სიჩქარე, წარმოქმნილი ნაწილაკების ზომა და მათი კრისტალური სტრუქტურის მოწესრიგებულობა [9].

ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Mg²⁺-ის მაღალი კონცენტრაციის პირობებში ფერხდებოდა ამორფული კალციუმის ფოსფატის კრისტალურ ჰიდროქსიაპატიტად გარდაქმნა. ამასთან, იცვლებოდა წარმოქმნილი ჰიდროქსიაპატიტის კრისტალების ფორმაც. ძვლის ტვინის მეზენქიმურ ღეროვან უჯრედებზე ჩატარებულ ცდებში Mg²⁺-ის კონცენტრაციის ზომიერი მატება დანამდვილებით აძლიერებდა მინერალიზაციას, თუმცა მისი შემდგომი ზრდა ამ პროცესს აფერხებდა [9].

მაგნიუმის გავლენა ძვლის მეტაბოლიზმზე მხოლოდ მინერალური ფაზის კრისტალიზაციით არ შემოიფარგლება. ის მონაწილეობს კალციუმის ჰომეოსტაზის ჰორმონულ რეგულაციაშიც. მაგნიუმის მძიმე დეფიციტისას შეიძლება შემცირდეს პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) სეკრეცია და ქსოვილების მგრძნობელობა მის მიმართ. შედეგად, ირღვევა კალციუმის ჰომეოსტაზი და შესაძლოა განვითარდეს ჰიპოკალციემია – სისხლში კალციუმის კონცენტრაციის დაქვეითება [5, 10].
 

1.4. ძვლის ფორმირება, რეზორბცია და ძვლის მასის ცვლილება

ძვალი მუდმივად განახლებადი ქსოვილია. მისი განახლება, ანუ რემოდელირება, მოიცავს არსებული ძვლოვანი ქსოვილის დაშლასა და მის ადგილზე ახალი ქსოვილის წარმოქმნას. ამ პროცესში ძირითად როლს ასრულებენ ორი ტიპის უჯრედები: ოსტეოკლასტები შლიან ძვლის მინერალურ და ორგანულ კომპონენტებს, ხოლო ოსტეობლასტები წარმოქმნიან ახალ, კოლაგენით მდიდარ ორგანულ მატრიქსს, რომელიც შემდგომში მინერალიზდება [11].

ძვლის მასისა და სტრუქტურის შენარჩუნება დამოკიდებულია წარმოქმნისა და რეზორბციის პროცესების ურთიერთთანაფარდობაზე. როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძვლოვანი ქსოვილის დაშლა მის წარმოქმნას აღემატება, ძვლის მასა თანდათან მცირდება, რაც მის მექანიკურ გამძლეობაზეც აისახება [11].

ძვლის განახლებაზე გავლენას ახდენს მექანიკური დატვირთვაც. ძვლის მატრიქსში მდებარე უჯრედები – ოსტეოციტები – აღიქვამენ მექანიკურ ზემოქმედებას და ბიოქიმიური სიგნალების საშუალებით მონაწილეობენ ოსტეობლასტებისა და ოსტეოკლასტების აქტივობის რეგულაციაში. ამგვარად, ძვლოვანი ქსოვილი ეგუება მასზე მოქმედ დატვირთვებს, ხოლო ხანგრძლივმა უმოძრაობამ ან დატვირთვის მკვეთრმა შემცირებამ შეიძლება ძვლის მასის დაკარგვა გამოიწვიოს [11].

ძვლის მეტაბოლური დარღვევების გასაგებად მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ძვლის მასის დაკარგვა და მისი მინერალიზაციის დარღვევა. ოსტეოპოროზის დროს მცირდება ძვლის მასა და უარესდება მისი მიკროარქიტექტურა, რაც მოტეხილობის რისკს ზრდის. ოსტეომალაციის შემთხვევაში კი ძირითადი პრობლემა ახლად წარმოქმნილი ორგანული მატრიქსის, ოსტეოიდის, არასრულფასოვანი მინერალიზაციაა. ორივე მდგომარეობა ასუსტებს ძვლის მექანიკურ თვისებებს, თუმცა მათი განვითარების ბიოქიმიური მექანიზმები განსხვავებულია [11, 12].

 

წყარო

[1] Shah FA. Revisiting the physical and chemical nature of the mineral component of bone. Acta Biomaterialia. 2025;196:1–16. DOI: 10.1016/j.actbio.2025.01.055.
[2] Matikainen N, Pekkarinen T, Ryhänen EM, Schalin-Jäntti C. Physiology of Calcium Homeostasis: An Overview. Endocrinology and Metabolism Clinics of North America. 2021;50(4):575–590. DOI: 10.1016/j.ecl.2021.07.005.
[3] Desgagnés N, et al. Use of Albumin-Adjusted Calcium Measurements in Clinical Practice. JAMA Network Open. 2025;8(1):e2455251. DOI: 10.1001/jamanetworkopen.2024.55251.
[4] Peacock M. Phosphate Metabolism in Health and Disease. Calcified Tissue International. 2021;108(1):3–15. DOI: 10.1007/s00223-020-00686-3.
[5] Morrison AR. Magnesium Homeostasis: Lessons from Human Genetics. Clinical Journal of the American Society of Nephrology. 2023;18(7):969–978. DOI: 10.2215/CJN.0000000000000103.
[6] McDonogh DP, Gale JD, Raiteri P, Gebauer D. Redefined ion association constants have consequences for calcium phosphate nucleation and biomineralization. Nature Communications. 2024;15:3359. DOI: 10.1038/s41467-024-47721-7
[7] Bourne LE, Wheeler-Jones CPD, Orriss IR. Regulation of mineralisation in bone and vascular tissue: a comparative review. Journal of Endocrinology. 2021;248(2):R51–R65. DOI: 10.1530/JOE-20-0428.
[8] Dorozhkin SV. Calcium orthophosphates (CaPO₄): occurrence and properties. Progress in Biomaterials. 2016;5:9–70. DOI: 10.1007/s40204-015-0045-z.
[9] Zhang J, Tang L, Qi H, Zhao Q, Liu Y, Zhang Y. Dual Function of Magnesium in Bone Biomineralization. Advanced Healthcare Materials. 2019;8(21):e1901030. DOI: 10.1002/adhm.201901030.
[10] Albert A, Hinkel UP, Bohlender T, Stieger P, Braun-Dullaeus RC, Albert C. Paradoxical Inadequate Parathyroid Hormone Secretion Secondary to Severe Hypomagnesemia: A Review of the Literature. Kidney Medicine. 2025;7(8):101046. DOI: 10.1016/j.xkme.2025.101046.
[11] Wang L, You X, Zhang L, Zhang C, Zou W. Mechanical regulation of bone remodeling. Bone Research. 2022;10:16. DOI: 10.1038/s41413-022-00190-4.
[12] Cianferotti L. Osteomalacia Is Not a Single Disease. International Journal of Molecular Sciences. 2022;23(23):14896. DOI: 10.3390/ijms232314896.